რა შემთხვევაში დაბლოკავს თურქეთი NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO-ში) ფინეთისა და შვედეთის მიღება შესაძლოა, თურქეთმა დაბლოკოს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ამის შესახებ 30 ივნისს, მადრიდში გამართულ ნატოს სამიტის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის მიღებას, პროცესი არ შედგება. იმისთვის, რომ ამ ქვეყნებმა მოიპოვონ თურქეთის მხარდაჭერა, საჭიროა, იმ პირობებისა და ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ფინეთმა და შვედეთმა საკუთარ თავზე აიღო. ერდოანის თქმით, ანკარა დააკვირდება მემორანდუმის პირობების შესრულებას და ამის მიხედვით იმოქმედებს.

28 ივნისს, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე ფინეთმა, შვედეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია, შეიქმნას ერთობლივი მექანიზმი ტერორიზმთან საბრძოლველად მათი თანამშრომლობის განმტკიცებისათვის. თავის მხრივ, შვედეთმა და ფინეთმა უნდა გადადგან ნაბიჯები სახელმწიფო კანონმდებლობის გასამკაცრებლად.

ნატოს სამიტზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ფინეთი და შვედეთი თურქეთს 73 ტერორისტის გადაცემას დაჰპირდნენ.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ფინეთთან და შვედეთთან გაფორმებულ მემორანდუმს დიპლომატიური გამარჯვება უწოდა. ერდოანის განცხადებით, ტერორიზმი თურქეთისთვის წითელი ხაზია.

რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, ქურთების დაჯგუფებებსა და სხვადასხვა „ტერორისტულ ორგანიზაციებთან“ ბრძოლამ ათასობით თურქეთის მოქალაქე შეიწირა, ამიტომაც „მოთმინება და დრო აღარ დარჩათ“, რის გამოც პროცესის გაჭიანურებას არ დაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. თურქეთი ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას იმ მიზეზით ეწინააღმდეგებოდა, რომ ისინი „მფარველობენ ტერორისტებს“, რომლებსაც ანკარა ებრძვის.
| Print |
FaceBook Twitter Google