პუტინმა ლუგანსკის „განმათავისუფლებელ“ გენერლებს გმირის წოდება მიანიჭა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიის ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის "გათავისუფლებისთვის" რუსეთის არმიის დაჯგუფება "ცენტრის" სარდალს, გენერალ ლაპინს და სამხრეთის სამხედრო ოლქის მერვე არმიის სარდლის მოადგილეს, გენერალ აბაჩოვს გმირის წოდებები მიანიჭა.
შოიგუსთან კრემლში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ ლუგანსკისთვის მებრძოლმა სამხედროებმა დროებით უნდა დაისვენონ, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაჯგუფებებმა კი, ამოცანების შესრულება გეგმის მიხედვით გააგრძელონ. "იმედი მაქვს, მათი მიმართულებებითაც ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ეს ამ დრომდე ხდებოდა ლუგანსკის მიმართულებით", - განაცხადა პუტინმა.

თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს 3 ივლისს შეატყობინა, რომ "სრული კონტროლი დაამყარეს" ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებზე.

იმავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ "მძიმე ბრძოლების შემდეგ", უკრაინელმა სამხედროებმა ლისიჩანსკში პოზიციები დატოვეს.

გენშტაბის განცხადებით, არტილერიის, ავიაციის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების და ცოცხალი ძალის მხრივ, მოწინააღმდეგის დიდი უპირატესობის პირობებში, ლისიჩანსკის დაცვის გაგრძელება საბედისწერო შედეგებს მოიტანდა, ამიტომ, უკრაინის დამცველთა სიცოცხლის გადასარჩენად გადაწყდა ქალაქიდან უკან დახევა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია"

ცნობისთვის, კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".


| Print |
FaceBook Twitter Google