თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, მზად ვართ ბარიერი 2-პროცენტამდე დავწიოთ-ირაკლი კობახიძე
„5%-იანი ბარიერი სრულიად ლეგიტიმური და რაციონალურია. შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ, ასეთი სარგებელი კი მოცემულ შემთხვევაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციასაც არსებითად შეამცირებს.“ - ამის შესახებ ამის შესახებ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ მაღალი საარჩევნო ბარიერი მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში მიზანშეწონილია.

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება:
დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე.
დარწმუნებული ვართ, "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო ბარიერის დაწევა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ, "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმებაზე არმიერთების მიზეზით, ხელმოწერიდან 100 დღის თავზე ანულირებულად გამოაცხადა და თქვა, რომ დოკუმენტს აღარ მიუბრუნდებოდა.








| Print |
FaceBook Twitter Google