რუსი ექსპორტიორები ბულგარეთს გათხევადებულ გაზს საქართველოს გავლით მიაწვდიან
უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ჯერჯერობით არ ეხება გაზის შეძენას. სააგენტო “Reuters”-ის ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, ტრადიციული საექსპორტო მარშრუტების დახურვის გამო, რუსი ექსპორტიორები ბულგარეთს გათხევადებულ ნახშირწყალბადიან გაზს საქართველოს, ფოთის პორტის გავლით, ივლისიდან მიაწვდიან.

„Reuters“-ის ცნობთ, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ, რუსეთმა შეწყვიტა უკრაინისთვის LPG-ის მიწოდება და რკინიგზით საწვავის ტრანზიტი უკრაინის გავლით რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში, რამაც ექსპორტიორები აიძულა, ეძებონ ახალი მარშრუტები.

სააგენტოს თანახმად, სურგუტიდან ფოთის გავლით ბულგარეთისთვის გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზის მიწოდება დაახლოებით 50%-ით უფრო ძვირია, ვიდრე უკრაინის გავლით ევროკავშირში ტრანსპორტირება ღირდა. ტრეიდერთა შეფასებით, სურგუტიდან ფოთში რკინიგზით ერთი ტონის ტრანსპორტირება დაახლოებით 260-280 დოლარი ღირს, ბორნით ფოთიდან ვარნამდე ერთი ტონის ჩატანა კი, 130-150 დოლარი, თუმცა, ეს მარშრუტი მაინც მომგებიანია რუსეთის შიდა ბაზარზე ამ საწვავის გაიაფების გამო არსებულ შესყიდვებთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.









| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რუსული გაზი /