ოთხწლიან სამომხმარებლო სესხს ვეღარ აიღებთ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით, ახალი გადაწყვეტილება მიიღო. არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც ამჟამად 4 წლით არის განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტების მაქსიმალური ვადის შეზღუდვა 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ის ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

“როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, რამაც შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.

მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. ამ ცვლილების გაანალიზების და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება ვადის 3 წლამდე შემცირების შესახებ. ეს ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში,” - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ეს ცვლილება სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის ტემპს შეამცირებს.
| Print |
FaceBook Twitter Google