ანრი ოხანაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის „დეოლიგარქიზაციისა“ და სამ სხვა ჯგუფს უხელმძღვანელებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებისთვის, 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი ვებ-გვერდზე ავრცელებს.

კომიტეტის მიერ შეიქმნა  „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების ჯგუფები.

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის.

„ის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა კონკრეტულ ფოკუს ჯგუფებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პირველ შეხვედრებს, პრაქტიკულად, დასრულებულია.

პარლამენტის თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით და მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ, 12 - პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩავატარეთ შეხვედრები, პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებთან და ისინი სრულად საქმის კურსში არიან როგორ წარიმართება ეს პროცესი. შესაბამისად, ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, იქნება ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, თუ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ესწრებოდნენ ამ სამუშაო შეხვედრებს და დღესაც აქ არიან წარმოდგენილნი, რაც მისასალმებელი და სწორია. ჩვენ პირველი პუნქტის შესაბამისად ვმოქმედებთ.

დეპოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი კონკრეტულ საკითხზე მუშაობისთვის. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ოპონენტები, ვინც ამ პროცესის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან პირველ პუნქტს, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია, ვინაიდან ალტერნატიული ე.წ. ჯგუფების შექმნა, რომელსაც არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაცია და ამ პოლარიზაციის გაღრმავება. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში და ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადავდივართ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ხუთიდან ოთხ ჯგუფს („დეოლიგარქიზაციის“, სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფებს) კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფს, მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს.

სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე, სხვა დაინტერესებული პირები.

საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ: „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და, „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათ მიერ გამოთქმული სურვილის შესაბამისად, მონიტორინგს გაუწევენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.

მისივე თქმით, სურვილის შემთხვევაში, პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს.
| Print |
FaceBook Twitter Google