2025 წლიდან კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება
2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ოპერირების გასაგრძელებლად, კლინიკებისთვის მსოფლიოში მოქმედი სტანდარტების დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დღეს, 4 აგვისტოს, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში იმყოფებოდა და კლინიკა ხელმძღვანელებთან და ექიმებთან ერთად დაათვალიერა.

მინისტრმა შეხვედრაზე სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, 2025 წლიდან საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სავალდებულო იქნება, რაც სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

აღსანიშნავია, რომ „ჩაფიძის კლინიკა“ ერთ-ერთია იმ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელმაც საერთაშორისო სერტიფიკატი საკუთარი ინიციატივით მიიღო. კერძოდ, საუბარია, გერმანულ KTQ-ს სტანდარტზე, რომელიც კლინიკებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ენიჭებათ.

შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ 2025 წლიდან, კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ოპერირების გასაგრძელებლად, სავალდებულო იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტების დაკმაყოფილება. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ საკითხზე სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო და ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ კონსულტაციებს მართავს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ადამია.


| Print |
FaceBook Twitter Google