ქვემო ქართლში პირუტყვის ჯილეხით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ჯილეხის გამოვლენასთან დაკავშირებით დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც ირკვევა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სამმართველომ შეიტყო დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კრაბულახში ორი სული მსხვილფეხა პირუტყვის დაცემის შესახებ. სააგენტოს ვეტერინარები მყისიერად ჩავიდნენ შემთხვევის ადგილზე, შეაგროვეს პათოლოგიური მასალა და გამოიკვლიეს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პირუტყვი ჯილეხით იყო დაავადებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარიულმა სამსახურმა პირუტყვის დაცემის ადგილებზე კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები უკვე განახორციელა. „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის” შესაბამისად, დაცემული პირუტყვი დაიწვა და დაიმარხა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მიმდებარე პერიმეტრზე მიმდინარეობს ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, ზემო კარაბულახის ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს საკარანტინო ტერიტორიაზე პირუტყვის გადაადგილების, ცხოველების ბაზრობების მოწყობის, ცხოველებისგან მიღებული ნაწარმის მოხმარებისა და რეალიზაციის შეზღუდვას.

„ჯილეხი (ციმბირის წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. საქართველოში რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა ან გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ. აქედან გამომდინარე, დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება უმნიშვნელოვანესია,“ - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მათი ვეტერინარები ჯილეხის საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად მილიონამდე ცხოველს ცრიან.
| Print |
FaceBook Twitter Google