ბუნებრივია, რომ მოქალაქეებმა სიყვარული არ გამოხატონ - ნინო ლომჯარია რუსეთთან მიმართებით
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება მმართველი პარტიის მხრიდან რუსეთის მოქალაქეების მიმართ მოსახლეობის განწყობის ქსენოფობიად შეფასებას.

სახალხო დამცველის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში რუსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ მოსახლეობა სიყვარულს არ გამოხატავს.

"8 აგვისტო მოდის, ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულებში, რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა და თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას, ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ უკვირთ მმართველი პარტიიდან პოლიტიკოსებს, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლებისა და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როცა მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ. ეს ძალიან ბუნებრივია, რომ მოქალაქეებმა სიყვარული არ გამოხატონ", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში.

აღსანიშნავია, რომ ნინო ლომჯარიას ამ შეფასებას წინ უძღვოდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის გაღვივების უმთავრესი მიზანი ქვეყნის ომში ჩართვაა.

ირაკლი კობახიძემ, დღეს, 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ „ომისა და ღალატის პარტია“ უწოდა.

"რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი [ნაციონალური მოძრაობის] გათვლა მარტივია. ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. რაც ემსახურება ერთადაერთ მიზანს, საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში", - განაცხადა კობახიძემ.



| Print |
FaceBook Twitter Google