საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე - ირაკლი კობახიძე
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები ჩვენს ქვეყანას საფრთხეს არ უქმნიან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ „ომისა და ღალატის პარტია“ უწოდა. იგი მიიჩნევს, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ "სამარცხვინო, ქსენოფობიურ და შოვინისტურ კამპანიას ეწევიან".

"მარტიდან 5 თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც უსაფრთხოების რისკები. რამდენიმე დღეა "ომისა და ღალატის პარტია" იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა. ამ შემთხვევაშიც მათ აქვთ მცდელობა საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსულები და ეს ქვეყნისთვის საფრთხეს შეიცავს. ამ აღქმის გამყარებას ისინი, ტრადიციულად, ფაქტების უხეში გაყალბებით ცდილობენ", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კობახიძემ ჟურნალისტებს გააცნო 24 თებერვლიდან 31 ივლისის ჩათვლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლის სტატისტიკა და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი ჩამოუვარდება 2019 წლის მონაცემებს.
„31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის არის რამდენიმე დღით ჩამოსული ტურისტი, ერთი დღით შემოსული ადამიანი, მძღოლი და ა.შ. სულ ჯამში არის 110 ათასი.

შესაბამისად, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად იყვნენ ჩამოსული, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც შეგახსენებთ, რომ უამრავი ეთნიკურად ქართველია. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე, სავსებით ლოგიკურია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ეს ადამიანები, ეროვნებით ქართველები, სამშობლოში დაბრუნდნენ. აქედან რამდენია ქართველი, დაზუსტება სჭირდება, მაგრამ ასეც და ისეც, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ, მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით ცხოვრების განზრახვით, არის უკიდურესად მცირე. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ამ ქსენოფობიური კამპანიის ფარგლებში ავრცელებენ, არის ცარიელი სიცრუე, სპეკულაცია და მანიპულაცია,“ - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებაში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის გაღვივების უმთავრესი მიზანი ქვეყნის ომში ჩართვაა.

"რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია. ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. რაც ემსახურება ერთადაერთ მიზანს, საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში", - თქვა კობახიძემ.





| Print |
FaceBook Twitter Google