სასწრაფო სამედიცინო მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო - ჯანდაცვის სამინისტრო
კერძო დაზღვევის მოსარგებლეებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე ფასის დაწესების თაობაზე სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სასწრაფო დახმარების მომსახურება ფასიანი ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათი განცხადებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გაკეთდა დამატებითი არასტანდარტული მომსახურების შეთავაზება. აღნიშნულის შესახებ კი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური განმარტავს, ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

„საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ისე კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება არის და რჩება უფასო. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება წერილს, აღნიშნულ წერილში იყო შეთავაზება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომ დამატებითი არასტანდარტული მომსახურებისთვის დაუწესდეთ ტარიფი. ეს შეეხება რომელიმე კერძო, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, ასევე სხვა ღონისძიებებს, რაც შესაძლოა დასჭირდეთ სადაზღვევო კომპანიებს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.


| Print |
FaceBook Twitter Google