ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად რუსი არკადი დვორკოვიჩი მეორე ვადით აირჩიეს
რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტად აირჩიეს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია ვებ-გვერდზე ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დვორკოვიჩმა 157 ხმით, 16-ის წინააღმდეგ, მოუგო მის მთავარ ოპონენტს, უკრაინელ დიდოსტატ ანდრი ბარიშპოლეცს. მესამე კანდიდატმა, ფრანგმა ბახარ კუატლიმ ჯერ კიდევ ხმის მიცემის დაწყებამდე მოხსნა კანდიდატურა.

ფედერაციის პრეზიდენტის ახალი მოადგილე, მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი, ვისვანათან ანანდი გახდა. იგი დვორკოვიჩის საარჩევნო ბიულეტენში იყო წარმოდგენილი.

1972 წლის 26 მარტს დაბადებული არკადი დვორკოვიჩი FIDE-ს პრეზიდენტად პირველად, ჯერ კიდევ, 2018 წლის ოქტომბერში აირჩიეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი წარმომადგენელის მხრიდან, დვორკოვიჩის ეროვნებისა და წარსულში რუსეთის მთავრობაში მის მიერ დაკავებული მნიშვნელოვანი თანამდებობების შესახებ შეკითხვების დასმის მიუხედავად, არჩევნებში მისი დიდი გამარჯვება ცხადყოფს, რომ FIDE-ს წევრი ფედერაციებისა და უფრო ფართო საჭადრაკო საზოგადოების ნდობა დაიმსახურა.

„დიახ, მე ვარ რუსი და ვემსახურებოდი ჩემი ქვეყნის ხალხს, მათ შორის რუსეთის საჭადრაკო საზოგადოებას, როგორც რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე.

მე ვცდილობდი ამის გაკეთებას პროფესიონალურად და მაქსიმალური კეთილსინდისიერებით. მტკიცე პოზიცია დავიკავე უკრაინაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე მხარი დავუჭირე FIDE-ს საბჭოს გადაწყვეტილებებს ფედერაციაში რუსეთის ჩართულობის შემცირების შესახებ.

უფრო მეტიც, რუსი პარტნიორების დაბლოკვით, ჩვენ შევძელით ახლი პარტნიორების პოვნა მთელ მსოფლიოში, მოვაწყეთ ეს საჭადრაკო ოლიმპიადა [ინდოეთში] და უზრუნველვყავით ფედერაციის ფინანსური სტაბილურობა. პირადად ჩემთვის [როგორც რუსისთვის] ეს ადვილი არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჭადრაკს შეუძლია ხალხის ხელახლა გაერთიანება,“ - ამბობს დვორკოვიჩი.

ჭადრაკის საერთშორისო ფედერაციის არჩევნები ჩატარდა გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას, ჩენაიში, საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად.

ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ რუსეთისა და ბელორუსის გამოთიშვისა და ჩინეთის შესამჩნევი არყოფნის (პანდემიით გამოწვეული ლოგისტიკური სირთულეების მოტივით) მიუხედავად, ოლიმპიადამ  მონაწილეობის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია- ღია კონკურსში მონაწილეობას 186 ქვეყანა იღებდა, ხოლო ქალთა ოლიმპიადაზე - 160.
| Print |
FaceBook Twitter Google