თბილისში ახალი საწარმო „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა
თბილისში კიდევ ერთი ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების მწარმოებელი საწარმო - „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ახალი საწარმო სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში გაიხსნა. საწარმო მეტალის უჯრედულ შეკიდულ ჭერებს აწარმოებს.

საწარმოს გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრმის ფარგლებში, კომპანიამ 170 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო, ხოლო პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 450 000 ლარს შეადგენს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე საწარმოში 16 ადამიანია დასაქმებული, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავალში სამუშაო ადგილების გაზრდას გეგმავენ.

„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ამ ეტაპზე სააგენტოს პროგრამების ფარგლებში ჯამურად 1500-ზე მეტი პროექტია მხარდაჭერილი და სხვადასხვა პროგრამებით 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფაა განხორციელებული.

„როლფ ჯორჯია“ ერთ-ერთი ასეთი საწარმოა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია წლების განმავლობაში ახორციელებდა ამ პროდუქციის იმპორტს საქართველოს ბაზარზე, თუმცა დღეს უკვე აქვს პოტენციალი, გავიდეს საექსპორტო ბაზრებზეც,“ - აღნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google