საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ - მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ქართველ თანამდებობის პირებს ტონის შეცვლისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ პოდოლიაკმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ.“

მიხაილო პოდოლიაკი შეახსენებს მათ, ვინც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ გენოციდს ამართლებენ, გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

„პირადად მე, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის და დავით არახამიას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას. ამ ერს კარგად ესმის უკრაინაში მიმდინარე ომის არსი. ეს ხალხი თავისუფლების და დემოკრატიის ღირებულებებს იზიარებს და რუსული მოძველებული ტექნოლოგიების კატეგორიული წინააღმდეგია.

ყველამ იცის, რაც უკრაინაში ხდება. მაშინ, როცა უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, ვერავინ შეძლებს ჩვენს გაკიცხვას და ვერავინ იტყვის, რომ რაღაც არ გვესმის.

საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ - ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება.

სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. სასურველი იქნება, რომ ეს ადამიანები თავიანთ რეპუტაციასა და მომავალზე დაფიქრდნენ და არ აღმოჩნდნენ საერთაშორისო საზოგადოებისგან გარიყულები“, - აცხადებს პოდოლიაკი.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე, რა დროსაც აღნიშნა, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს და იგი დარწმუნებულია, რომ ინდივიდუალური სანქციები იქნება.

„ადამიანს შეუძლია ფული გამოიმუშაოს, თუმცა როდესაც ხვდები, რომ შესაძლებელია შენი ფულით ადამიანების მკვლელობას აფინანსებენ, ამის გამო შენც მოგიწევს გარკვეული საფასურის გადახდა. რა თქმა უნდა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში იყო გამდიდრებული ადამიანების ტალღა. მათ ოლიგარქებს ვუწოდებთ. ბევრი ფული აქვთ. ყიდულობენ პარტიებს, პარლამენტში მანდატებს ითვისებენ და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა აქვთ. უკრაინამ ეს გაითავისა და ამის წინააღმდეგ გამოვიდა. ვცდილობთ, ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. საქართველოც ამ გზით უნდა წავიდეს. უნდა იყვნენ დიდი ბიზნესმენები, თუმცა მათ პოლიტიკაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ამას ვერ ვხედავთ. დეოლიგარქიზაცია ეფექტური გზაა და დარწმუნებული ვარ ქვეყანა ამ გზას გაივლის. სანქციების გამო რუსეთში ბევრი ადამიანი დიდ საფასურს იხდის. აქედან გამომდინარე სასურველი იქნება, ქართველმა ოლიგარქებმაც, რომლებიც რუსეთის მხარეს დგანან, შესაბამისი საფასური გადაიხადონ“, - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.
| Print |
FaceBook Twitter Google