მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან - სოსო გოგაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაემუქრა.

გოგაშვილი ტექსტში აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მე-12 დაწესებულებაში მიიღო მუქარა: იმ შემთხვევაში, თუკი არ მისცემდა ივანიშვილისთვის სასურველ ჩვენებას, იგი მას და მის ოჯახს გაანადგურებდა.

„კეთილი ფილანტროპი არა…? მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, ოცნების ზონდერ მედიების შემოსევა. ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს. მე ჩემს ოჯახთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და გავაგრძელებ მხილების კამპანიას.

მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას - დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი.

ასევე მივმართავ ჩემს ნათესავებს, მეგობრებსა და მათ, ვისაც ჩემგან სიკეთე ახსოვს - დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი“,- წერს გოგაშვილი.



ცნობისთვის, გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ცოტახნით ადრე, 29 ივლისს, 10-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაეცვა სოსო გოგაშვილის უფლებები.

| Print |
FaceBook Twitter Google