შესაძლოა საწვავზე ფასები შემცირდეს - ლევან დავითაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ერთობლივად შეხვდნენ საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც, მისი თქმით, შესაძლებელია უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება.

იგი განმარტავს, რომ მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს და განიხილავს მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით.
| Print |
FaceBook Twitter Google