საფერავზე სუბსიდირება არ იქნება
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს, თუმცა როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე განმარტავს, საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება არ იქნება.
როგორც ცნობილია, რქაწითელისა და კახური მწვანის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან ჯამში 150 მლნ ლარი დაიხარჯება. პრემიერის განცხადებით, კილოგრამი რქაწითელის ჯიშის ყურძენი 90 თეთრზე ნაკლები არ ეღირება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა BMG-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ორ კვარტალში ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად არ არის შემცირებული.

მეხუზლას განმარტებით, ექსპორტზე ძირითადად საფერავის ყურძნისგან წარმოებული ე.წ წითელი ღვინო გადის და რადგან ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება ამ კუთხით ჯერ არ ფიქსირდება, მის ფასს წელს ბაზარი განსაზღვრავს.

“ღვინის ექსპორტის მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემები რომ ნახოთ, მკვეთრი სხვაობა არ არის გასულ წელთან შედარებით. ბუნებრივია გარკვეული შემცირება არის, რაც გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომით. ამას ემატება ომისგან გამოწვეული სხვადასხვა ლოჯისტიკური პრობლემა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გადაზიდვების მხრივ მდგომარეობის შედარებით გაუარესება. საბოლოო ჯამში, სწორედ ამ მიზეზებით კვლავ თავი შევიკავეთ წითელი ყურძნის სუბსიდირებისგან.

ღვინის ექსპორტის 80%-ზე მეტი წითელ ღვინოზე მოდის და მთავარი საექსპორტო პროდუქტიც წითელი ღვინოა. მარტ-აპრილში ვფიქრობდით, რომ შესაძლოა წითელ ყურძენშიც [საფერავის ჯიშის ყურძენი] დაგვჭირვებოდა სუბსიდია, თუმცა ამ ეტაპზე სწორედ იმ მიზეზების გამო, რაც ვახსენეთ და ასევე, იმის გამო, რომ მიმდინარე ომის გამო ექსპორტის კლება შედარებით დაბალანსდა პოლონეთის, გერმანიის, აშშ-ს და ჩინეთის ხარჯზე, მისი სუბსიდირების საჭიროებას ვერ ვხედავთ.

მიმდინარე მონაცემებით, უკვე პოლონეთია ქართული ღვინის ნომერ მეორე საექსპორტო ქვეყანა და საკმაოდ კარგი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით. ვფიქრობთ, წითელი ყურძნის კომპონენტზე დაახლოებით ისეთივე მოთხოვნა იქნება წელს, როგორიც შარშან იყო. ეს არის თავისუფალი ბაზარი. ზუსტად ფასის პროგნოზირება არასწორია. ფასის მკვეთ შემცირებას რომ ველოდეთ, წითელი ყურძნის სუბსიდირების საკითხსაც დავაყენებდით, მაგრამ ვფიქრობთ დაახლოებით შარშანდელი ფასები შენარჩუნდება”,- განაცხადა მეხუზლამ.

მისივე განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველაზე მეტად ბრენდის და საბრენდე სპირტის წარმოება დააზარალა და სწორედ ამიტომ გახდა საჭიროა რქაწითლის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება.

| Print |
FaceBook Twitter Google