თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
თელავში რთველი 2022-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. დღეიდან, შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და კოორდინაციას გაუწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოხდება. აღნიშნული სისტემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციონირებს.                                       შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაა. წლების განმავლობაში, ჩვენ თანმიმდევრულ პოლიტიკას ვახორციელებთ და წარმატების შედეგებიც სახეზე გვაქვს. წარმოება და ექსპორტი მზარდია და ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ. წელს ველოდებით 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიულ გადამუშავებას. სახელმწიფომ ყველა წინაპირობა შექმნა, რომ რთველი იყოს წარმატებული და მოსავალი სრულად და ორგანიზებულად დაბინავდეს. დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის მიერ მიღებულია რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
| Print |
FaceBook Twitter Google