სოფელ ველისციხის რეაბილიტაცია გრძელდება
საქართველოს რეგიონული განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე თქმით, პროექტის მიხედვით, სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, ცენტრალური ქუჩის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნის, 130 წლის ისტორიის მქონე თეატრის ფასადის და სანიაღვრე სისტემების რეკონსტრუქციაა დაგეგმილი.

უწყების ცნობით, სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ქალაქების მდგრადი განვითარების პროგრამის (Livable cities) ფარგლებში მიმდინარეობს

„აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ფარგლებში, პროექტები მიმდინარეობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ველისციხის პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია მათ შორის და მისი დასრულების შემდეგ, არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით, გაჩნდება ახალი და საინტერესო მიზიდულობის ცენტრი
ველისციხის ურბანული განახლების გარდა, პროგრამა მოიცავს ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობას, თელავის ცენტრალური ნაწილის ურბანულ განახლებასა და დაბა მესტიის ლაღამის უბნის რეაბილიტაციას“-აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, ველისციხის ურბანული განახლების პროექტის ღირებულება 30 386 078 ლარია, სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო და 2023 წლის ზაფხულში დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google