ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 100 000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, „ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროექტის (UNDP), სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 100 000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.
მათივე თქმით, პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სწორი და ეფექტური გაუმჯობესება. აღნიშნული გრანტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი შეიძენს პლასტმასის საწნეხ დანადგარს და მეტალის ბადისებრ კონტეინერებს, რისი მეშვეობითაც ნარჩენების მართვა მეტად ეფექტური გახდება.

„იაპონიის საელჩოს გრანტის ხელშეწყობით, უკვე შევიძინეთ ნაგავმზიდი ავტომანქანა და გავზარდეთ ნაგვის ურნების რაოდენობა. გვაქვს სურვილი, ვიყოთ გამორჩეული, სუფთა და საუკეთესო მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა, შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობთ, დავუახლოვდეთ ნარჩენების მართვის მსოფლიო სტანდარტებს. ნარჩენების სეპარირების დანერგვა, ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების შემცირებას“ - აცხადებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი.

ცნობისთვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი „საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენციის“ ფარგლებში, დაჯილდოვდა საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტის სტატუსით. ასევე, მუნიციპალიტეტი დაჯილდოებულია, როგორც „სუფთა რეგიონის“, „სუფთა ქალაქის“ ნომინაციით.



| Print |
FaceBook Twitter Google