პანიკა და სისუსტე - დასავლეთი რუსეთის სამხედრო მობილიზაციაზე
21 სექტემბერს, ოთხშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვით ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თავის მიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი საკუთარ ინტერესებს თავისი სრული სამხედრო არსენალით, მათ შორის, ბირთვული იარაღითაც, დაიცავს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოაცხადა.

ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ რეაგირებენ პუტინის გადაწყვეტილებაზე დასავლეთში, BBC- ი ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აღნიშნულ ფაქტს უმალ გამოეხმაურა ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერ იარსებებს, ამიტომაც ის არასდროს უნდა გადაიქცეს რეალობად. ეს ჯერ კიდევ იანვარში კვლავ დაადასტურა უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივმა წევრმა,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა და აქვე დასძინა - „თუმცა, დღეს ვხედავთ შემაშფოთებელ ტენდენციას... [რუსეთი] უპასუხისმგებლოდ ემუქრება მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებით“.

თავის გამოსვლაში პუტინმა ასევე ისაუბრა „რეფერენდუმების“ შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, უახლოესი კვირის განმავლობაში ჩატარდება უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ „სახალხო რესპუბლიკების“ წარმომადგენლებმა სამშაბათს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შეფასებისას აცხადებენ, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში წარუმატებელი გამოდგა.
„გაერთიანებული სამეფო და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთიანად ვგმობთ რუსეთის მთავრობის ქმედებებს,“ - განაცხადა ლიზ ტრასმა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი განაგრძობს კიევის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ლიზ ტრასის პოზიციას იზიარებს აგრეთვე გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი ბენ უოლესიც.

„პუტინმა და მისმა თავდაცვის მინისტრმა ათეულობით ათასი ცუდად აღჭურვილი და გაუწვრთნელი მოქალაქე სასიკვდილოდ გაიმეტა. ვერანაირი მუქარა და პროპაგანდა ვერ დაფარავს ფაქტს, რომ უკრაინა ომს იგებს, საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანდა და რუსეთი საყოველთაოდ მარცხდება,“ - განაცხადა უოლესმა.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე აცხადებს, რომ პუტინის მობილიზაციის ბრძანება კრემლში პანიკის ნიშანია და ის არ უნდა ჩაითვალოს დასავლეთთან სრულმასშტაბიანი ომის პირდაპირ მუქარად.

„მობილიზაცია, მოწოდება რეფერენდუმისკენ დონეცკში - ეს ყველაფერი პანიკის ნიშნებია. მისი [პუტინის] რიტორიკა ბირთვულ იარაღზე - ეს არის ის, რაც აქამდეც ბევრჯერ მოგვისმენია. ეს ყველაფერი ჩვენთვის ნაცნობი რიტორიკაა. ვურჩევდი ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე,“ - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები მცდელობაა, გაამართლოს საკუთარი მარცხი.

„ომი ნამდვილად არ მიმდინარეობს რუსეთის სცენარით, რამაც პუტინი აიძულა მისულიყო არც თუ ისე პოპულარულ გადაწყვეტილებამდე, მობილიზაციამდე და მოქალაქეების უფლებების მკაცრ შეზღუდვამდე,“ - მიიჩნევს პოდოლიაკი.

აშშ-ის ელჩი უკრაინაში, ბრიჯეტ ბრინკმა ასევე განაცხადა, რომ ყალბი რეფერენდუმები და მობილიზაცია [რუსეთის] სისუსტის ნიშნებია.

„ეს რუსეთის მარცხია. ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიას ე.წ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზე და ჩვენ დავუჭერთ მხარს უკრაინას მანამ, სანამ ეს საჭიროა,“ - წერს ბრინკი ტვიტერზე.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელი პიტერ სტანო მიიჩნევს, რომ პუტინი სასოწარკვეთილია და მხოლოდ კრიზისის ესკალაციას ცდილობს.

„ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ პუტინს არ ადარდებს მსოფლიო, რომ იგი დაინტერესებულია ესკალაციით, მას აინტერესებს მხოლოდ თავისი გამანადგურებელი ომის გაგრძელება, რომელმაც უკვე გამოიღო გამანადგურებელი შედეგები მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა სტანომ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსები მიმდინარე მოვლენებს კონფლიქტის ესკალაციად მიიჩნევენ და გამოდიან მოწოდებით, განიხილონ შემდეგი ნაბიჯები. ზოგიერთი სახელმწიფო კი უკვე აცხადებს მზადყოფნას, მიიღოს დამცავი ზომები.

მაგალითად, ლიტვამ აამაღლა არმიის სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნის დონე, რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის აღსაკვეთად.

„იქიდან გამომდინარე, რომ სამხედრო მობილიზაცია რუსეთში, მათ შორის კალინინგრადის რეგიონშიც, გამოცხადდა, ლიტვა ამას მშვიდად ვერ შეხვდება,“ - წერს ლიტვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუშკასი Facebook-ზე.

მსგავსი განცხადებით გამოვიდა ფინეთის თავდაცვის მინისტრი ანტი კაიკონენი. მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვის ძალები კარგადაა მომზადებული და ისინი ყურადღებით აკვირდებიან მდგომარეობას.

პუტინის გადაწყვეტილების შესახებ ასევე ისაუბრა ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვან ვენბინმაც.

„რაც შეეხება უკრაინის კრიზისს, ჩინეთის პოზიცია ყოველთვის მკაფიო იყო. მოვუწოდებთ მხარეებს ცეცხლისა და ომის შეწყვეტისკენ მოლაპარაკების გზით, აგრეთვე იმისკენ, რომ მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც ითვალისწინებს ყველა მხარის გონივრულ ინტერესებს, რაც შეიძლება მალე. ასევე ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება შექმნის პირობებსა და სივრცეს ამის განსახორციელებლად,“ - აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენელი ვან ვენბინი.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა პუტინის გადაწყვეტილებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ აფასებს, როგორც უკრაინაში მიმდინარე ომის უფრო მეტად ესკალაციის მცდელობას. მისი თქმით, ეს მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ამ ომში ერთადერთი აგრესორია.

გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ხაბეკი მობილიზაციას „რუსეთის მიერ მცდარი მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს“ უწოდებს.

„რა თქმა უნდა განვიხილავთ, როგორ ვიმოქმედებთ ამ არასწორი ნაბიჯის შესაბამისად“, - განაცხადა ხაბეკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.

„ჩვენ გავაკეთებს ყველაფერს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რათა NATO-მ კიდევ უფრო მეტად დაუჭიროს მხარი უკრაინას, რათა მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ცნობები ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გამართლდა. რუსეთი შეეცდება გაანადგუროს უკრაინა და მიიტაცოს მისი ტერიტორიის ნაწილი. ამას ვერ დავუშვებთ,“ - განაცხადა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google