ინტერნეტსივრცეში ახალი ქართული საბავშვო ანიმაციური სერიალი - “ბიბი და ლოლო” იწყება
„ბიბი და ლოლო" წარმოადგენს ქართულ ანიმაციას, რომელიც შექმნილია World Vision საქართველოს მიერ და ეფუძნება სოციალურ ისტორიებს.

შემქმნელების თქმით, თითოეული ეპიზოდი არის მოკლე და ხელს უწყობს ბავშვის კონკრეტული უნარის განვითარებას.

„ბიბი და ლოლოს“ მთავარი მოქმედი პირები არიან ბაჭიები, რომლებსაც ყოველღიურად უწევთ სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავება. ანიმაცია განკუთვნილია 3-8 წლამდე ბავშვებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ანიმაციებს, ბავშვებთან ერთად, უყურონ მშობლებმაც, რათა ნანახის საფუძველზე დასვან კითხვები, მოისმინონ ბავშვის მოსაზრება, დაუკავშირონ ანიმაციაში ნანახი ბავშვის რეალურ ცხოვრებას და ამ გზით დაეხმარონ ახალი უნარებისა და ჩვევების ათვისებაში.

„როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებს ძალიან უყვართ მულტფილმები და ანიმაციები, სწორედ აქედან სწავლობენ წიგნების შემდეგ გარკვეულ ქცევებს და ითვისებენ რაღაც ახალს, ქართულ ენაზე ძალიან ცოტა ანიმაცია არის და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ წარმოგიდგენთ ქართულ პროდუქტს. თითოეული ამბავი შეეხება კონკრეტულ თემას, ერთ-ერთი არის კონფლიქტის გადაჭრა, მეორე თემა არის ჯანსაღი კვება, მესამე ხელების დაბანა და ა.შ ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დავეხმაროთ მშობლებს გარკვეული ინფორმაციის ბავშვამდე სწორად მიტანაში. ანიმაციას მოყვება ასევე რჩევები,“ - ამბობს ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი.

ანიმაციის შემქმნელების თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის ქართულ მედიასივრცეში პირველი ქართული ანიმაცია, რომელიც მიმდინარეობს ჟესტური ენის თანხლებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სმენადაქვეითებული ბავშვების ჩართულობას და მათი უნარების განვითარებას. ანიმაციური სერიალის ნახვა შესაძლებელია yutube-ის არხზე.

| Print |
FaceBook Twitter Google