დღიური სამივლინებო ხარჯები იზრდება
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე სხვა 20 საკთხთან ერთად, სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების გაზრდის საკითხიც განიხილეს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

„კერძოდ, იზრდება ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.

ცვლილების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მივლინებისას სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების დღევანდელ რეალობასთან მაქსიმალურად შესაბამისობა.

განახლებული ნორმებით იხელმძღვანელებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი, რომლისთვისაც ანალოგიური ნორმები დადგინდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ქვეყნის გარეთ მივლინებისას ძირითადად განსაზღვრული იქნება სამი კატეგორია დღიურ ნორმებთან მიმართებით. ეს იქნება 45 $-ის ოდენობით, 60 $-ის ოდენობით და 75 $-ის ოდენობით, იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში რა ფასებია ცხოვრების დონის მიხედვით და გადახედილი იქნება სასტუმროს ნორმები.

მთავრობის ინფორმაციით, ეს ნორმები იარსებებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორისთვის. კერძო სექტორთან დაკავშირებით, ასევე ფინანსთა სამინისტროს ბრძანება დაარეგულირებს საგადასახადო შეღავათის ნორმას, თუ რის ფარგლებში არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

| Print |
FaceBook Twitter Google