კახეთის ცხოველთა თავშესაფარმა წელს 3800 ძაღლს უმკურნალა
კახეთის მასშტაბით, ააიპ შინაური მიუსაფარი ცხოველების კახეთის ინტერმუნიციპალურ სააგენტო წელს 3800-ზე მეტ ძაღლს მოემსახურა. სააგენტოს ხელძღვანელი ფიქრობს, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი 4000-მდე გაიზრდება.
„წელს კახეთის მასშტაბით, 3800-ზე მეტი ძაღლი გვყავს ნაოპერაციები, ნამკურნალები, რომელსაც ჩაუტარდა სტერილიზაცია-კასტრაცია და რა თქმა უნდა, ჩვენთან ხდება ცოფზე აცრაც. წლის ბოლომდე ეს რიცხვი სავარაუდოდ 4000-მდე გაიზრდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან ჩვენს სააგენტოში 730 ძაღლია რეგისტრირებული. ეს სხვა მუნიციპალიტეტების მონაცემებს 150-ით მაინც აღემატება, რადგან ტერიტორიულად ახლოა და აქედან ცხოველები თვითდინებითაც შემოდის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წელს 200 კატაც გავასტერილეთ.“

როგორც თეიმურაზ ზავრაშვილი ამბობს, კომპანიამ მესამე მანქანა შეიძინა, რაც საშუალებას აძლევთ, უფრო მეტ ცხოველს მოემსახურონ.

„სამი თვის წინ დავიმატეთ მესამე მანქანა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტ ცხოველს მოვემსახურებით. თუ კვირაში ორჯერ მივდიოდით მუნიციპალიტეტებში, ეხლა შეგვიძლია, რომ ეკიპაჟი სამჯერ გავაგზავნოთ. შესაბამისად, სააგენტოში ძაღლების რაოდენობამ მოიმატა. ჩვენთან მომსახურება ჯერჯერობით უფასოა და ვიღებთ როგორც უპატრონო ცხოველებს, ასევე პატრონიან მეტისებს, რადგან ჯობია თავიდანვე აღვკვეთოთ უკონტროლო გამრავლების ალბათობა,“ - ამბობს სააგენტოს დირექტორი.


| Print |
FaceBook Twitter Google