გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში 100 ათას ლარამდე დანამატს გასცემენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები საახალწლოდ სახელფასო დანამატს აიღებენ. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ნატო გონგაძემ speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა, საკითხი უკვე გადაწყვეტილია. დანამატები გაიცემა ასევე მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებშიც.

„გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მორჩენილი ეკონომიებიდან, ა(ა)იპ-ებს რაც აქვს, ყველა თანამშრომელმა ჯილდოს სახით აიღოს დანამატი, ყველამ ერთი და იგივე პროცენტი, რასაც ეს მორჩენილი თანხა გასწვდება. ამის გამო შევსება არცერთ მათგანს არ გაუკეთდა,“- აღნიშნა ნატო გონგაძემ.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თქმით, თანამშრომლებზე სავარაუდოდ ერთი თვის ხელფასს გასცემენ.

„რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, შეგვიძლია სახელფასო ფონდის 70% გავცეთ. იცით, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები არ იღებენ ასეთ დანამატსა და ჯილდოს, გარდა ამისა, არის ვაკანსიებიც. ამიტომ გვაქვს საშუალება, რომ დანამატი გავცეთ. საკრებულოში დანამატს მხოლოდ აპარატის თანამშრომლები მიიღებენ. ჯერ ბრძანება არ დაწერილა, მაგრამ თანამშრომლებზე, სავარაუდოდ, ერთი თვის ხელფასის ოდენობის თანხა გაიცემა. დანამატის მთლიანი ბიუჯეტი ასი ათას ლარამდეა,“ - ამბობს ნატო გონგაძე.


| Print |
FaceBook Twitter Google