სამოყვარულო და სახალხო დასებისათვის „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ ფუძნდება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ქალაქ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია „სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ აფუძნებენ - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, აღნიშნული ინიციატივით უწყებას რამდენიმე ხნის წინ მიმართა.

თეატრალური ფესტივალი სიღნაღში ყოველწლიურად, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება.

მინისტრის განცხადებით, ფესტივალი სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და კერძო დონორების ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდება.

„ეს თეატრალური ფესტივალი მონაწილეებად მიიღებს, პირველ რიგში, სამოყვარულო და სახალხო დასებს, ასევე იმ თეატრალურ დასებს, რომლებიც ნაწილნი არიან მუნიციპალიტეტებში კულტურის სახლებისა. მათთვის იქნება ეს ფესტივალი. ასევე მონაწილეობის უფლება ექნებათ მუნიციპალურ, სახელმწიფო და კერძო პროფესიულ თეატრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამოყვარულო, სახალხო ანდა კულტურის სახლებთან არსებულ თეატრალურ დასებთან შექმნიან კორპროდუქციებს. შესაბამისად, ყველა ასეთ თეატრს უკვე ვეუბნებით, რომ ამგვარი ფესტივალი 2023 წლის ივნისში გაიმართება სიღნაღში, რომ ამ ფესტივალს სამინისტრო და სიღნაღის მუნიციპალიტეტი ბატონი დავითის ძალიან დიდი მონდომებითა და ხელშეწყობით აფუძნებს და რა საკვირველია, უკვე დროა, შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ვინც მოისურვებს ამ ფესტივალში მონაწილეობას, დაიწყონ ზრუნვა იმაზე, რომ შექმნან ახალი პროდუქცია, მით უმეტეს, თუ ეს ეხება კორპროდუქციას და ივნისში შესთავაზონ ჩვენს მაყურებელს სიღნაღში საინტერესო ფესტივალი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„სიღნაღის თეატრალური ფესტივალისთვის“ პრემიები დაწესდება შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო სპექტაკლი - გრან-პრი;
2. საუკეთესო რეჟისურა;
3. საუკეთესო სცენოგრაფია;
4. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება;
5. საუკეთესო მსახიობი, მათ შორის ეპიზოდური როლის შემსრულებელი (მამაკაცი);
6. საუკეთესო მსახიობი, მათ შორის ეპიზოდური როლის შემსრულებელი (ქალი);

სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს ხუთკაციანი ჟიური (ორი პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სამი თეატრის კრიტიკოსი), რომელსაც, სიღნაღის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, ამტკიცებს სამინისტრო. გამარჯვებულების შესახებ გადაწყვეტილებას ჟიური იღებს ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.

რაც შეეხება ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს, წულუკიანის განცხადებით, დამფუძნებლები უახლოეს პერიოდში შეარჩევენ.


ბრძანება და კონკურსის წესები იხილეთ ბმულზე.
აქ შეგიძლიათ ნახოთ ფორმულარები.

| Print |
FaceBook Twitter Google