ჭანდარში სამედიცინო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია გასუფთავებულია
Speqtri.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც საუბარი იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრისა და სოფელ გურჯაანის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელი წყლის ჭაბურღილთან დაყრილ სამედიცინო ნარჩენებზე, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოჰყვა. ტერიტორია ამ დროისთვის უკვე გასუფთავებულია.

როგორც ჭანდარში მერის წარმომადგენელი, გიორგი მანიჟაშვილი გვეუბნება, გადაყრილი სინჯარები იყო ვადაგასული, მაგრამ არა სისხლიანი. მისივე თქმით ამ დროისთვის უცნობია კანონდამრღვევის ვინაობა. 

"გავასუფთავეთ ტერიტორია.  ჯერ ვერ დავადგინეთ, ვინ გადაყარა ეს სინჯარები. მაგ ტერიტორიაზე კამერები არ დგას. მაგრამ ამ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა. 

ამბულატორიებს ჰყავს თავისი წარმომადგენელი, რომელიც ყოველ კვირა, ყოველ თვე მოდის და მიაქვს ნარჩენები. სავარაუდოდ, დაყარა მძღოლმა, რომელსაც გაჰქონდა ეს სამედიცინო ნარჩენები. სხვის ხელში ეს სინჯარები ვერ აღმოჩნდებოდა. 

ტერიტორიის გასუფთავება მოხდა გურჯაანის ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკის გამოყენებით," - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში გიორგი მანიჟაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრისა და სოფელ გურჯაანის საზღვარზე მდებარე ჭაბურღილთან, რომლითაც ორივე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს და საქონელსაც ამ ტერიტორიაზე აძოვებს, დიდი ოდენობით დაყრილი სინჯარები ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა.

| Print |
FaceBook Twitter Google