საგარეჯოში გარდაცვლილი პოლიციელი ოთარ ღვინიაშვილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის დროს გარდაცვლილი პოლიციელი უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინიაშვილია. შსს მომხდართან დაკავშირებით, სამძიმრის განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის - 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.

თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის 1 თანამშრომელი, 4 მოქალაქე, თვითლიკვიდირებულია თავდამსხმელი და დაჭრილია ხუთი პირი.

როგორც შსს-ში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google