ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის 87% დასრულებულია - საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, მინისტრის მოადგილესთან გურამ გურამიშვილთან და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორთან დავით ფერაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე რკინიგზის მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის შესახებაც ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, პროექტის 87% დასრულებულია.


„მონაკვეთი 180-კილომეტრიანია და მიმდინარე ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, რაც 2024 წლისათვის არის დაგეგმილი, მონაკვეთის გამტარუნიანობა 5 მლნ ტონა იქნება.“ - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ 2022 წელი "საქართველოს რკინიგზისთვის" საუკეთესო წელი იყო მოგების თვალსაზრისით და მოგებამ შეადგინა 283 მილიონი ლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასევე, რეკორდული იყო გადაზიდვების მაჩვენებელი და გადაზიდვების მიმართულებით წლიურმა ზრდამ 22% შეადგინა.


გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებას ითვალისწინებს.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის, თანახმად, რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად, 150-წლიანი ისტორიის მქონე "საქართველოს რკინიგზა" გახდება უფრო კონკურენტუნარიანი.



| Print |
FaceBook Twitter Google