კლუბ „მგლების“ კიკბოქსიორებმა სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება მოიპოვეს
თბილისის კლუბ „მგლების“ გურჯაანელმა კიკბოქსიორებმა ამჯერად წარმატებას სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მიაღწიეს და ლიცენზია მოიპოვეს.

კლუბის მწვრთნელის, გიორგი ელიკაშვილის თქმით, მებრძოლებს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ლატვიაში გაიმართება.

“18-19 თებერვალს ჩვენი კლუბის საუკეთესო მებრძოლები გავემგზავრეთ ქალაქ ერევანში, სომხეთში დიდ საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონატის ქამრების მოსაპოვებლად. სალიცენზიო ბრძოლები K1-ის წესებით პროფესიონალებს შორის გაიმართა. ლიცენზია ჩვენმა ოთხივე მებრძოლმა მოიპოვა. ესენი არიან: საბა ჩაფიძე, ნიკა სიბაშვილი, ლაზარე სეისიანი და გიორგი ბურდიაშვილი.

ლიცენზიის მოპოვების შემდეგ ჩვენ გავემგზავრებით ლატვიაში ევროპის ჩემპიონატზე ქამრების მოსაპოვებლად,“ - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში გიორგი ელიკაშვილი.

მისივე თქმით, ქართველმა მებრძოლებმა შეძლეს, რომ ღირსეულად დაემარცხებინათ სომეხი და ირანელი მოწინააღმდეგეები.

„შედეგით კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ჩვენი ოთხი მებრძოლიდან ოთხივე ქამრის მფლობელი გახდა. ამავდროულად, მოიპოვეს ლიცენზია. ვამაყობ მათი გამარჯვებით.

აქვე მსურს მადლობა გადავუხადო ტაიბოქსინგისა და კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელმაც მოგვცა საშუალება მონაწილეობა მიგვეღო ტურნირზე და მოგვეპოვებინა ეს ლიცენზია. ახლა შეგვიძლია, გავემგზავროთ ლატვიაში ევროპის ჩემპიონატზე,“ - გვეუბნება გიორგი ელიკაშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google