აღმაშენებლის ქუჩაზე ე.წ. ბუგაროკები თვითნებურადაა გაკეთებული - გურჯაანის მერია
რამდენიმე თვეა, რაც ქალაქ გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი, ე. წ. ბუგაროკი გააკეთეს, რომელიც სტანდარული კი არა, უბრალოდ ასფალტის შემაღლებული ფენაა. მძღოლების უმრავლესობა, ვისაც ამ გზაზე სიარული უწევს, ამბობს, რომ ასეთი „ბუგაროკები“ არ უნდა კეთდებოდეს, რადგან მისი შემჩნევა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

„როდესაც ასეთი ბუგაროკებია დაგებული, რთულია მოძრაობა, განსაკუთრებით ღამის საათებში. ვინც უკვე იცის, არაუშვს, მაგრამ ვინც პირველადაა და არ იცის, რომ ბუგაროკია, შეიძლება მანქანაც გააფუჭოს და უარეს შემთხვევაში, უფრო ცუდი შედეგიც მიიღოს. თან მით უმეტეს, რომ გამაფრთხილებელი ნიშნებიც არ აყენია,“ - ამბობენ მძღოლები.

მათივე თქმით, უსაფრთხოების მიზნით, შეიძლებოდა, რომ ე.წ. ბუგაროკები ამრეკლი საღებავებით მაინც შეეღებათ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, SPEQTRI.GE-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა.
როგორც მერიაში გვითხრეს, აღმაშენებლის ქუჩაზე ე.წ. ბუგაროკი მოსახლეობის მხრიდან თვითნებურადაა მოწყობილი.

„კონკრეტულად აღმაშენებლის ქუჩაზე ე.წ. ბუგაროკი მოსახლეობის მხრიდან თვითნებურადაა მოწყობილი, რომელთანაც მერიას არ აქვს კავშირი. როდესაც მივიდნენ, რომ მოეშალათ, მოსახლეობამ გამოთქვა ამაზე დიდი პროტესტი და შესაბამისად, აღარ დადგა დღის წესრიგში მისი დემონტაჟი. რაც შეეხება საგზაო ნიშნების დამონტაჟებას, ამაზე მერიას ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი, რომელიც არ შედგა და ხელახლა გამოცხადდება. აქვე განვმარტავთ, რომ მერია ასფალტის ბუგაროკებს არ აკეთებს. სადაც ამის საჭიროებაა და მოსახლეობის მომართვიანობაა, მერია აკეთებს „მწოლიარე პოლიციელებს“, -აცხადებენ მერიაში.

| Print |
FaceBook Twitter Google