300 ონკოლოგიური პაციენტი ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ-პრემიერი
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო სრულად დაფარავს ყველა ხარჯს, ხოლო პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 30 მლნ ლარამდე იქნება.

ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გვაქვს, უკვე გამოკვეთილია რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელ მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი დაახლოებით 30 მლნ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების, თუ ა.შ. მგზავრობის ხარჯებს. ასე რომ, ყველა ბავშვი, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი, დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ესაა დაახლოებით 300 ბავშვი წელიწადში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში, სამწუხაროდ, დღეს არ არის ყველა ის პირობა შექმნილი, რომ სრულყოფილი და რაც მთავარია, ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის სერვისები მიიღონ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებმა, სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, საჭიროა ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება და ამის საშუალება ყველას არ აქვს.


| Print |
FaceBook Twitter Google