ირინე ფხოველიშვილი: თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, მეხორბლე ფერმერები გაკოტრებისთვის ვართ განწირული
საქართველოში ამ დროსითვის ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც კახელი ფერმერების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ ხორბლის თვითღირებულება იმაზე ძვირი დაუჯდათ, ვიდრე გასაყიდი ფასია. რა გახდა ამის მიზეზი, რა პრობლემების წინაშე დგანან ფერმერები და რა არის გამოსავალი? ამ საკითხზე speqtri.ge საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტს ირინე ფხოველიშვილს ესაუბრა.

როგორც ირინე ფხოველიშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში, თავიდანვე უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ფერმერები, რომლებიც ხორბალს აწარმოებენ და ის კატეგორია, რომლებმაც შეიძინეს ხორბალი და დაასაწყობეს, რადგან ეს საკმაოდ განსხვავებული კატეგორიაა.

„თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ მოსავლის აღების დროს გასულ წელს ხორბალზე საკმაოდ მაღალი ფასი იყო. ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, იყიდა, ზოგმა ბანკიდან გამოიტანა კრედიტი და ისე შეიძეინა ხორბალი ლარი და ხუთ თეთრად და დაასაწყობა იმ იმედით, რომ ფასი გაიზრდებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ხორბლის ფასი ჩამოვიდა ქვევით.

ამ დასაწყობების გამო, მეორე პრობლემა შეიქმნა. ფაქტობრივად, ვერ ამოიწურა ის ხორბალი, რაც ქვეყანაში იყო წარმოებული. სამაგიეროდ, ვერ მოხდა მიწოდება წისქვილკომბინატებისთვის და შესაბამისად, შემოტანა დაიწყეს იმპორტირებული ხორბილის და უფრო უარესი, ფქვილის. ფქვილის შემოტანა მე მიმაჩნია სერიოზულ პრობლემად, რადგან ამ შემთხვევაში, არამარტო ხორბლის მწარმოებელი ფერმერები ვზარალდებით, არამედ, მეცხოველე ფერმერებიც. რადგან ხორბალი მარტო პური არ არის, ეს არის მესაქონელბისთვის კომბინირებული საკვების საუკეთესო საშუალება.

ადგილობრივების დაუფიქრებლად გადადგმულმა ნაბიჯმა, იმპორტირებული ფქვილისა და ხორბლის შემოტანის საუკეთესო პლაცდარმი წარმოქმნა. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის ფასი არის საკმაოდ დაბალი, რაც ავტომატურად იწვევს ადგილობრივი ფერმერების წარმოებულ ხორბალთან მიმართებაში კონკურენციას. 40-დან 45 თეთრამდე მერყეობს ე.წ. საფურაჟედ შემოტანილი ხორბლის ფასი, სინამდვილეში სასურსათო ხორბალია. რის გამოც უკვე მეხორბლე ფერმერები ცუდ მდგომარეობაში ვვარდებით, რადგან ჩვენ ხორბლის თვითრღირებულება გვიჯდება ძალიან მაღალი. გამოდის, რომ ის ფასი, რაც ამ ეტაპზე იმპორტირებულ ხორბალს აქვს დაჭერილი, ჩვენთვის არის ძალიან წამგებიანი. თუ ეს სიტუაცია არ გამოსწორდა, ფაქტობრივად, უნდა ვთქვათ, რომ მეხორბლე ფერმერები განწირული ვართ გაკოტრებისთვის და მომავალი წლიდან უკვე სერიოზულად შემცირდება ხორბლის თესვა.“

როგორც ირინე ფხოველიშვილი ამბობს, ამ პრობლემის წარმოქმნაში თავად ფერმერებსაც მიუძღვით ბრალი. თუმცა, საჭიროა გამოსავლის მოძებნა იმისათვის, რომ ქვეყანაში ხორბლის წარმოება არ შეფერხდეს. მისივე განმარტებით, სასურსათო ხორბლის მწარმოებელი ფერმერებისთვის უნდა განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები.

„აქ მე მხოლოდ ერთ მხარეს ვერ გავამტყუნებ, აქ ჩვენი ბრალიც არის, იმის გამო, რომ 15-20 თეთრით მეტი მიგვეღო შემოსავალი, გავაჩერეთ ხორბალი და აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენ ხელი შევუწყეთ პურის ფასის ზრდასაც და ხელი შევუწყეთ იმპორტირებული ხორბლისა და ფქვილის შემოტანას ქვეყანაში.

მე უკვე მქონდა საუბარი ამ თემაზე აგრარულ კომიტეტთან და ახლა უკვე დროა სხვა ჭრილში დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. ჩვენ, ფერმერთა პროფკავშირმა უკვე მეხუთერდ გავაგზავნეთ წერილი და კატეგორიულად ვითხოვთ, რომ ხორბალი, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტი, სახელმწიფოს მიერ იყოს აღიარებული და დაცული. სასურსათო ხორბლის მწარმოებელი ფერმერებისთვის უნდა განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები.

ჩვენ ხელუხლებელი ფერმერები კი არ ვართ, არამედ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ვქმნით სასურსათო უსაფრთხოებას და ჩვენ თუ არ გავზარდეთ ჩვენი წარმოება, მოთხოვნილების 50 %-მდე, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით რისკის ქვეშ, იმიტომ, რომ ჩვენი პირველი და ძირითადი მომწოდებელი ხორბლის, ეს არის რუსეთი, რომელიც არის ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყანა. საკმარისია რუსეთმა არ მოგვცეს ხორბალი, რომ ქვეყანაში შეიქმნას, პურის წარმოების პრობლემა. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარს პურს. არ მინდა მუქ ფერებში დავხატო ყველაფერი, მაგრამ ეს შექმნის ძალიან კარგ პირობას ქვეყანაში არეულობის დასაწყებად.

აი, სწორედ აქედან გამომდინარე, მეხორბლე ფერმერები, ვინც ხორბალს ვაწარმოებთ, ვართ ორივე მხრიდან პრესის ქვეშ მოქცეულები: ეს არის ის კატეგორია, რომლებმაც იყიდეს ხორბალი და დაასაწყობეს, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობაა - 100 ტონა, 500 ტონა და იმათ მხრიდანაც, რომელთაც შემოაქვთ იმპორტირებული ხორბალი.“

ირინა ფხოველიშვილის ინფორმაციით, მისთვის ცნობილია, რომ საფურაჟე ხორბლის სტატუსით, ქვეყანაში შემოდის სასურსათე ხორბალი, რის გამოც უფრო იაფი ჯდება მისი შემოტანა და მეხორბლე ფერმერებს არაჯანსაღ კონკურენციას უწევს.

„როგორც ბოლო დროს მომაწოდეს ინფორმაცია, შემოდის ვითომ საფურაჟე ნამტვრევი ხორბალი, რომლის ქვეშაც არის ჩვეულებრივ, სასურსათო ხორბალი. ამ შემთხვევაში ის თავს არიდებს გადასახადებსაც, მას შედარებით იაფი უჯდება ხორბლის შემოტანა, თან დაბალი ხარისხის ხორბალი შემოაქვს და ჩვენ, ხორბლის მწარმოებელმა ფერმერებმა რა ვქნათ? ეს კითხვა დგას მეხორბლე ფერმერებში, რომელიც საკმაოდ ლეგიტიმურია და სერიოზულ მხარდაჭერას საჭიროებს, როგორც თვითონ ფერმერებისგან, ისე სახელმწიფო სტრუქტურებისგან.

ჩვენ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს და ეხლა მიდის ამ საკითხის შესწავლა. ამ პროცესს ისევ ჩვენ შევუწყეთ ხელი, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც ქვეყანაში წარმოებული ხორბალი დაასაწყობეს იმ იმედით, რომ მოგებას ნახავდნენ. ისინი მოიქცნენ წინდაუხედავად. თვითონ ხომ იზარალეს და ჩვენც გვაზარალეს.

ის ფერმერები, რომელთა ძირითადი საქმიანობაცაა ხორბლის მოყვანა, ვსაუბრობ მცირე ფერმერებზე, მათ გასაყიდი უკვე აღარაფერი დარჩათ. საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ვისაც ბანკის ვალი არ ჰქონდეს. ბანკისთვის გადასახდელი თანხის გამო, ფაქტობრივად, ასეთ მწარმოებელ ფერმერებში ხორბალი ამოიყიდა იანვრამდე. შეიძლება ზოგიერთს ჰქონდეს, მაგრამ ეს იქნება ძალიან მცირე რაოდენობა, რაც ხელს არ შეუშლის ახალი ხორბლის დასაწყობებაში, მაგრამ თუ ახალ მოსავლამდე ფასები არ დარეგულირდა, იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა.

ერთი ჰექტრის მოყვანა თუ უკვე დაჯდა 2000 ლარამდე კომბაინების, საწყობებისა და მანქანების გარეშე, წარმოიდგინეთ, მათი ხარჯი რა თანხამდე ასწავს ღირებულებას. ჩვენთან საშუალო მოსავლიანობა არის 3-3,5 ტონა, თუ ტონის ღირებულება იქნება 400-450 ლარი, ჰექტარზე რომ გადავიანგარიშოთ, გამოდის 1200-1500 ლარიც კი, რა გამოდის, თვითღირებულებასაც ვერ ფარავს, კვლავწარმოებაზე აღარ ვლაპარაკობ.“

როგორც ირინე ფხოველიშვილი ამბობს, საქართველოში არის იმის რესურსი, რომ საჭირო ხორბლის რაოდენობის 50% აწარმოონ, მაგრამ ამისათვის საჭიროა სწორი პოლიტიკა როგორც სახელმწიფოს, ისე მათი მხრიდან.


„ვიბრძვით, არ მინდა ისე მოხდეს, რომ ხორბლის წარმოებაზე ვთქვათ უარი, როდესაც ქვეყანა არის ხორბლის სამშობლო. ჩვენ შეიძლება ამ პერიოდში ვერ ვაწარმოებთ ქვეყნისათვის საჭირო ხორბალს, მაგრამ იმდენი შესაძლებლობა მაინც გვაქვს, რომ თუ გვჭირდება 600 ათასი, 300 ათასზე მეტი მაინც ვაწარმოოთ, ოღონდ ამას სჭირდება სწორი პოლიტიკა როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე ჩვენი მხრიდან. არ შეიძლება ცალმხრივი იყოს რამე. ორივე მხარემ ერთობლივად უნდა სწორი პოლიტიკა გავატაროთ. ამ შემთხვევაში, დამერწმუნეთ, რომ არც ფერმერი და არც ქვეყანა ზარალში არ იქნება.“ -ამბობს ირინა ფხოველიშვილი SPEQTRI.GE-სთან.



| Print |
FaceBook Twitter Google