გურჯაანში 9 მაისი აღინიშნა [Video]
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს დიდების მემორიალზე არსებული "მარადისობის კედელი" და "უცნობი ჯარისკაცის საფლავი".

დიდების მემორიალზე სიმბოლურად აენთო ცეცხლი. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. დღესასწაულზე იმღერეს ანსამბლ „გურჯაანისა“ და ანსამბლ „ხარებას“ მომღერლებმა.

პარლამენტის წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის თქმით, დღევანდელი დღე ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ის ასახავს ჩვენს ისტორიასა და მომავალს.

“დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დღეს, ფაქტობრივად, ერთიანდება ორი სიმბოლური, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი - ერთი, რომელიც ასახავს ჩვენს ისტორიას და ერთი, რომელიც ასახავს ჩვენს მომავალს.

მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დღე ერთის მხრივ, არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე, რომელიც ასახავს ჩვენს ღირსეულ ისტორიას, როდესაც ჩვენი თანამემამულეები იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის დასაცავად და ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორია, რომელიც მათ შექმნეს და აქამდე მოიტანეს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყოს და ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნოთ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე ეს არის ევროპის დღე და ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რაც არის ჩვენი ქვეყნის მისწრაფება და ალბათ, სიმბოლურია ამ ორი თარიღის ასე დამთხვევა, რაც აუცილებლად მინდა, რომ ჩვენს თანამემამულეებს მივულოცო,“ - ამბობს დავით სონღულაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა  ხაზი გაუსვა დღევანდელი დღის სიმბოლურ მნიშვნელობასა და მისი განსაკუთრებით აღნიშვნის ტრადიციას.

„რა თქმა უნდა [9 მაისი] აღინიშნება განსაკუთრებულად იმიტომ, რომ ასეთ ადგილას ვართ ახლა ჩვენ და ასეთი სიმბოლოს [ჯარისკაცის მამის ძეგლის] გვერდით ვდგავართ და აღვნიშნავთ ყოველთვის აქ.

ახალგაზრდები, ბავშვები უნდა მოვიდნენ, თუნდაც მათთვის არის ეს საჭირო, რომ იცოდნენ, თუ რა ცუდი არის ფაშიზმი და რომ აუცილებელია, ფაშიზმი დამარცხდეს ყოველთვის, ყველგან და ფაშიზმზე გამარჯვების დღე უნდა იყოს მათთვის ის დღე, რომელიც სამართლიანობას ახსენებს, გაახსენებს ხალხის სიყვარულს, გაახსენებს ჯარისკაცის მამას, შვილის სიყვარულს, რომელმაც წაიყვანა ეს ადამიანი, ამხელა ფრონტი მოატარა და საბოლოო ჯამში, მიაღწია იმას, რომ ნახა თავისი შვილი. ასე რომ, ახალგაზრდებმაც უნდა იცოდნენ, რომ დღეს ეს თარიღია და სწორედ ამას ემსახურება ობელისკზე ცხრა მაისის აღნიშვნა,“ - ამბობს ზურაბ უტიაშვილი.





გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 1000 ლარს, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახებს კი 500 ლარს წელსაც გადასცემს.

| Print |
FaceBook Twitter Google