სიღნაღში პირველი თეატრალური ფესტივალი გაიმართება
ქალაქ სიღნაღში, 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით სიღნაღის სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პირველი თეატრალური ფესტივალი გაიმართება.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ფესტივალის მიზანია სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პოპულარიზაცია. მათი პროფესიული განვითარება და კიდევ უფრო ფართო ინტეგრირება, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო თეატრალურ სივრცეში.

„გარდა საკონკურსო პროგრამისა , ამ ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გაიმართება: მასტერკლასები, ვორქშოფები და საჯარო ლექციები, რომელსაც თეატრალურ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები გაუძღვებიან,“ - აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ თეატრალური ფესტივალი სამოყვარულო და სახალხო დასებისათვის გასული წლის დეკემბერში ერთობლივად დააფუძნეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და ქალაქ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ.

როგორც მაშინ სამინისტროში აღნიშნეს, ფესტივალის დაფუძნების ინიციატივით უწყებას გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა მიმართა.



| Print |
FaceBook Twitter Google