სპექტრი 20 წლის გახდა
ზუსტად 20 წლის წინ, 2003 წლის 26 მაისს დაარსდა კახეთის რეგიონული დამოუკიდებელი გაზეთი სპექტრი, რომელიც თამამად ამბობდა იმას, რასაც სხვები ვერ ამბობდნენ. სლოგანიც სწორედ ეს იყო.

სარედაქციო გუნდი სულ რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდა, რესურსებიც მწირი იყო, როგორც ფინანსური, ისე მატერიალური, მაგრამ სულისკვეთება იყო მტკიცე. გაზეთი იგეგმებოდა ერთ პატარა ოთახში, სადაც მხოლოდ მაგიდა და რამდენიმე სკამი იდგა. რა თქმა უნდა, არ გვქონდა კომპიუტერი, შესაბამისად, გაზეთის აწყობა და დაკაბადონება გურჯაანში არსებულ კომპიუტერულ ცენტრში ხდებოდა.

სულ მალე სპექტრის გუნდი გაიზარდა, გაძლიერდა, ერთგული მკითხველიც შეიძინა და საზოგადოების სიყვარულიც დაიმსახურა, რადგან გაზეთი სწორედ საზოგადოების ინტერესებს ეფუძნებოდა.
სპექტრის ჰყავდა ისეთი მკითხველები, რომლებსაც გაზეთის სრული არქივი ჰქონდათ შენახული.

გაზეთს 2010 წლიდან ელექტრონული ვერსიაც დაემატა, საბოლოოდ კი, მხოლოდ ვებგვერდის ფორმატში განაგრძო მუშაობა.
რა თქმა უნდა, ორგანიზაციის წინაშე იდგა ახალი გამოწვევებიც და უკვე 2016 დააარსდა ქართულ-აზერბაიჯანული  სათემო რადიო ივრისი. გასულ წელს კი მუშაობა დაიწყო ინტერნეტ რადიომ სპექტრი, ასევე მოეწყო სტუდიაც, სადაც ხდება გადაცემების ჩაწერა. ამ პროექტებზე ძირითადად ახალგაზრული ჯგუფი მუშაობს.

გადაცემა „პლატფორმა XXI“-ს საშუალებით საზოგადოებამ არაერთი წარმატებული ახალგაზრდა გაიცნო.
პროექტი „პერსონაჟი“ კი ვებგვერდის ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ადამიანები, რომლებიც თავიანთი პროფესიით არიან ცნობილი, საზოგადოებას სხვა, უფრო არაფორმალური კუთხით დაანახოს.

სპექტრმა ამ ხნის განმავლობაში არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის ახალგაზრდული პროექტები, რომლის ფარგლებშიც ასეულობით მოზარდი გადაამაზადა, შეასწავლა ჟურნალისტიკის საფუძვლები, ფოტო-ვიდეო გადაღების ხერხები, ვიდეომონტაჟი, ინტერვიუს ჩაწერის ტექნიკა. ეს ეხება არამარტო ქართველ, არამედ აზერბაიჯანელ ახალგაზრდებსაც.
ზოგიერთი მათგანი უკვე შემოუერთდა ჩვენს გუნდს და ახალი სიცოცხლე შესძინა ორგანიზაციას.

სპექტრი დღესაც დგას ახალი გამოწვევების წინაშე. განახლებული გუნდს კიდევ არაერთი გეგმა და მიზანი აქვს, რომელსაც ჩვენს ერთგულ მკითხველს ეტაპობრივად შევთავაზებთ.

გვინდა სპექტრს და ყველა სპექტრელს, მათ შორის ყოფილ თანამშრომლებსაც, ვისთვისაც ძვირფასია აქ გატარებული წლები, მივულოცოთ დღევანდელი დღე, ვუსურვოთ გაძლიერება, ბევრი მკითხველი და პროფესიული წინსვლა.

გვინდა გითხრათ, რომ სპექტრი კიდევ ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას.



სპექტრი 2023 წელს ე.წ. სეკრეტ სანტას გათამაშების დროს




სპექტრის 2 წლის იუბილე


სპექტრელები ნეკრესში



სპექტრელები ნეკრესში


სპექტრელები არწივის ხეობაში



ქეთი არჯენიშვილი და სპექტრის დისტრიბუტორი ვალერი 



გიორგი ქართლელიშვილი გადაცემა პლატფორმა XXI-s ჩაწერისას


ლიზა კაპანაძე გადაცემა პერსონაჟის ჩაწერისას




რადიო ივრისში



იორმუღანლოელი ახალგაზრდები რადიო ივრისის ოფისში ვიდეო გადაღებას სწავლობენ


ვიდეო მონტაჟის ტრენინგი 



სპექტრს 4 წლის იუბილეზე ყოფილმა თანამშრომელმა, ეკა გულიაშვილმა, რომელიც სამწუხაროდ, გასულ წელს, 26 მაისს გარდაიცვალა, ერთგულების ნიშნად ფუმფულა ძაღლი აჩუქა



სპექტრმა თავის დაბადების დღეზე გამომწერებისთვის ლატარია გაათამაშა



ლატარიის ერთ-ერთ გამარჯვებულს კუთვნილი პრიზი გადავეცით
| Print |
FaceBook Twitter Google