სხვისი ქონების თაღლითურად მითვისების ფაქტზე სიღნაღში ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი
პირი დააკავეს.
სამინისტროს განმარტებით, ის უკანონოდ დაეუფლა სიღნაღის რაიონში
მდებარე, 350 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო
საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 3 500 000 ლარს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის
მიღების მიზნით, ყალბი უცხოენოვანი მინდობილობისა და ყალბი ნასყიდობის
ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთი კომპანიის
კუთვნილ, სიღნაღის რაიონში მდებარე, 350 ჰექტარი ფართობის მიწის
ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 3
500 000 ლარს. ამასთან, ბრალდებული შეეცადა ამავე გზით დაუფლებოდა
სიღნაღის რაიონში მდებარე იმავე კომპანიის კუთვნილ 100 ჰექტარი
ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულებაც
შეადგენს დაახლოებით 1 000 000 ლარს, თუმცა აღნიშნული ვერ მოიყვანა
სისრულეში მათზე გავრცელებული ყადაღის გამო.“
ცნობისთვის, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 180-ე, (19)180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის
სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე
ვადით.
მასალის გამოყენების პირობები