ვაშლოვანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა.

მან დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად , სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს.

აღნიშნული დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


| Print |
FaceBook Twitter Google