გურჯაანის რეგიონულ ლაბორატორიას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გურჯაანის რეგიონულ ლაბორატორიას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და უახლესი აპარატურით აღიჭურვა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონის ლაბორატორიის არსებობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებულ ლაბორატორიაში შეხვედრა გაიმართა, სადაც იმსჯელეს არსებული დიაგნოსტიკის მიმართულებებზე, დანერგილი კვლევის მეთოდებსა და სამომავლო გეგმებზე.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ლაბორატორიული ქსელი სოფლის მეურნეობის მიმართულებით; გურჯაანში გარემონტდა ლაბორატორიის შენობა და აღიჭურვა ახალი ტექნიკით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიული სექტორი აქტიურად ვითარდება, რაც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ხარისხის კონტროლს და ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი.
| Print |
FaceBook Twitter Google