რა დარღვევები გამოვლინდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა მნიშვნელოვანი მიგნებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა 14 მნიშვნელოვანი მიგნება. კერძოდ, ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები, დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები, გამოუყენებელი პროექტები, არაეკონომიური ხარჯები, წინასწარი ანგარიშწორების ხარვეზი, დარიცხული და ამოუღებელი საჯარიმო თანხები, მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები, ავტოპარკისა და ქონების მართვის ხარვეზები, იურიდიული პირების მართვის ხარვეზები, სარეზერვო ფონდიდან შეუსაბამოდ გაცემული დახმარებები, დელეგირებული უფლებამოსილების დაფინანსება საკუთარი შემოსავლებიდან, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები და ჩაუტარებელი ინვენრარიზაცია.

აუდიტის ანგარიშის მიმოხილვას უცვლელად გთავაზობთ:

„ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 15% და 17% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1,203.4 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

გამოუყენებელი პროექტები - მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც უფუნქციოა და არ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 57.4 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული.

შესყიდვების მართვა

ხელშეკრულების ცვლილებით გამოწვეული არაეკონომიური ხარჯი - საგზაო სამუშაოების მოწყობის მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებაში მერიამ შესაბამისი დასაბუთების გარეშე შეცვალა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სახეობა და გაზარდა ერთეულის ღირებულებები, რამაც სამუშაოების მოცულობის შემცირება გამოიწვია. შედეგად, ხელშეკრულების პირობები გაუარესდა და მუნიციპალიტეტმა მიიღო დაგეგმილზე ნაკლები პროდუქტი.

წინასწარი ანგარიშსწორების ხარვეზი - მერიამ არ დაიცვა ხელშეკრულებით მის მიერვე დადგენილი მოთხოვნები და არ გააკონტროლა შემსრულებლის მიერ ავანსის გამოყენების პროცესი. კერძოდ, დროულად არ მოსთხოვა სადაზღვევო კომპანიას ავანსის თანხა და დაკარგა გარანტირებული 21.3 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა.

დარიცხული და ამოუღებელი საჯარიმო თანხები - მუნიციპალიტეტში არსებობს საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების სისტემური ხარვეზი. ჯარიმების დარიცხვისა და ამოღების პროცესი წარიმართა ხარვეზებით და ადგილობრივმა ბიუჯეტმა ვერ მიიღო 782.2 ათასი ლარის შემოსავალი.
მუნიციპალური სერვისების მიწოდება

მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები არასაკმარისია. მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება; გარდა ამისა, სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი, რომელიც წყლის გადასახადის ადმინისტრირებას კანონმდებლობის შეუსაბამოდ ახორციელებს.
ტრანსპორტის შენახვა და ექსპლოატაცია

ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიდგომა სატრანსპორტო ხარჯების მხრივ არარაციონალურია. ამასთანავე, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას.

ქონების მართვა და განკარგვა ქონების მართვის ხარვეზები - ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, რეაგირების გარეშეა დარჩენილი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები; ასევე საიჯარო ქირის განსაზღვრისა და ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში არსებული ხარვეზების შედეგად ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ იღებს დამატებით შემოსავლებს.

იურიდიული პირების მართვა და დაფინანსება

იურიდიული პირების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით. კერძოდ, არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება: სათანადოდ არ არის დასაბუთებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები იურიდიული პირების შექმნისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით; რიგ შემთხვევაში თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება.
მოსახლეობის სოციალური დახმარება

სარეზერვო ფონდიდან გაცემული დახმარებები - მუნიციპალიტეტი სოციალური დახმარებების დასაფინანსებლად შეუსაბამოდ იყენებდა სარეზერვო ფონდს. დახმარებები გაცემულია დახმარების პროგრამებისათვის დადგენილი კრიტერიუმების გარეშე, რაც შეიცავს თანხების არასამართლიანი და არაეფექტიანი განაწილების რისკებს.

ორგანიზაციული და პერსონალის მართვა

დელეგირებული უფლებამოსილების დაფინანსება საკუთარი შემოსავლებიდან - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა მისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში, რამაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები გამოიწვია.

დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მერიამ ვერ უზრუნველყო საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადო ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.

ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე,“ - ვკითხულობთ აუდიტის მიმოხილვაში.

| Print |
FaceBook Twitter Google