ზამთარში ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა
პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება.
მათივე განმარტებით, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა, ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი დადგინდეს ან დამატებითი მოთხოვნა დაწესდეს, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ.

როგორც ცნობილია, თუ პირი აღნიშნულ მოთხოვნებს დაარღვევს, დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

“აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება - სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 5 ქულით შემცირება.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.



| Print |
FaceBook Twitter Google