გურჯაანი ათ ავტობუსს რამდენიმე დღეში მიიღებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია „ისუზუს“ მარკის 10 ავტობუსს რამდენიმე დღეში მიიღებს, თუმცა, როდის დაწყება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი.
როგორც მერის მოადგილე, კოტე ბერიძიშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, გადახდის სისტემის შემუშავებისა და დანერგვის თვალსაზრისით, მუშაობა მიმდინარეობს.

„10 ახალი ავტობუსი, რომელიც მოთხოვნილი გვქონდა, სულ რამდენიმე დღეში იქნება გურჯაანში, შესაძლებელია დღეს ან ხვალაც მივიღოთ. როდის დაიწყებს ფუნქციონირებას, რა ფორმით, ან ტარიფები რა იქნება, ამ ეტაპზე არ ვიცით, რადგან ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ.

გვაქვს მოლაპარაკება საქართველოს ბანკთან და დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ.
შემდეგ უკვე ტრანსპორტს დასჭირდება შესაბამისი გადახდის აპარატებით აღჭურვა, სისტემის ჩამოყალიბება და ა.შ.

რაც შეეხება მოძრაობის მარშრუტს, გრაფიკი, რომელიც საკრებულომ შეიმუშავა, იმ გრაფიკით დაიწყება მოძრაობა, მაგრამ თვითონ ექსპლუატაციის პერიოდში გამოჩნდება სად პლიუსებია, სად მინუსებია და ეს რა თქმა უნდა, კორექტირებადია,“ - გვითხრა კოტე ბერიძიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ავტობუსების შეძენა მოხდა კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე. როგორც მერიაში გვითხრეს, ეს არის "ისუზუს" მარკის 21 ადგილიანი ავტობუსები, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვისაც.

| Print |
FaceBook Twitter Google