პაპავას განცხადება მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას ემსახურება - სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება თანამშრომლის, ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს კოორდინატორის, ლევან პაპავას მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით.
უწყების შეფასებით, პაპავას განცხადება მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას ემსახურება.

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის ლევან პაპავას მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით, ემსახურება მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას.

სახალხო დამცველის აპარატში ლევან პაპავას წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური საქმისწარმოება, აპარატის ქალი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესწავლის მიზნით. ამავე მოხსენებით ბარათში, თანამშრომელი ასევე უთითებს პაპავას მხრიდან ზეწოლისა და სტრესული სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ,” - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ლევან პაპავა თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

იგი აცხადებს, რომ სამსახურში უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაზეც სახალხო დამცველს რეაგირება არ ჰქონია.

პაპავას თქმით, მისი უშუალო უფროსისგან, გიორგი ტალახაძისგან დაბალი წლიური შეფასება "მიკერძოებული და უსამართლო გადაწყვეტილებით" მიიღო და აღნიშნული შეფასება განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო დაუწერეს.

"წლიური დაბალი შეფასების რეალური საფუძველი არის ჩემი მხრიდან განსხვავებული შეხედულებების ქონა და მათი დაფიქსირება, ამ კონკრეტული ნიშნით გავხდი დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი, კონკრეტულად, უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან, რომელმაც მიიღო დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, მათ შორის, დისკრიმინაციის დადგენის თვალსაზრისით, რათა საკითხი სრულყოფილად შესწავლილიყო.

თუმცა, კონსტიტუციურმა ორგანომ, სახალხო დამცველმა, რომელიც თვითონ უწევს ზედამხედველობას დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თანასწორობის უზრუნველყოფას, ამ კუთხით ჩემი საჩივარი საერთოდ არ განიხილა და გადამამისამართა სხვა ინსტიტუტებში, როგორიც არის სასამართლო. სწორედ ამიტომ, გავხდი იძულებული, რომ სასამართლოსთვის კონკრეტული მოთხოვნით მიმემართა და მაქვს მოლოდინი, რომ მიიღება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება," - ამბობს პაპავა.

| Print |
FaceBook Twitter Google