1+4 პროგრამაში ჩარიცხულ სტუდენტთა გრანტით დაფინანსება გაორმაგდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა.
მისივე განმარტებით, სწავლა ყოველწლიურად 100 სომხურენოვანი და 100 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად, 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 450 000 – 450 000 ლარს და დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად კიდევ უფრო გაიზრდება.

“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოცულობის გაორმაგება.”-აცხადებს სამინისტრო.

ცნობისთვის, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტებისთვის, გამარტივებული ჩარიცხვის წესთან ერთად, დაფინანსებასაც გულისხმობს. სტუდენტებს მშობლიურ ენაზე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უფინანსდებათ სწავლა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდგომ ისინი ასევე სრული დაფინანსებით აგრძელებენ სწავლას იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე.








| Print |
FaceBook Twitter Google