სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსება 5 მილიონით გაიზარდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება ხუთი მილიონი ლარით გაიზარდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ღონისძიების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ დრომდე მოქმედებს საპატრიარქოს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის გარდა ჯერ კიდევ შარშან, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაიდო 30-მილიონიანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და სწორედ ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით ხუთი მილიონი ლარით.

ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაფინანსებამ 60 მილიონ ლარს მიაღწია.

„საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე, რამდენიმე ათეულ სკოლაზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სასკოლო დაწესებულებებზე, ანუ მთლიანობაში მოხდა ხუთი მლნ-ით მათი დაფინანსების გაზრდა", - თქვა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას.

| Print |
FaceBook Twitter Google