თელავის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა - USAID-ის წარმომადგენლები ჟურნალისტებს შეხვდნენ
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა მოინახულეს თელავის წყალმომარაგების საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით ხდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა წყლის რესურსების მიზნობრივად გამოყენების აუცილებლობას. 



გარემოს დაცვის ექსპერტის, კახა სუხიტაშვილის თქმით, ინფორმაციის არქონა და ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული სახის პრობლემები მოსახლეობისთვის ძირითადი გამოწვევაა.

„პირველი პრობლემა არის ინფორმაციის არქონა. მოსახლეობის დიდი ნაწილი სასმელ წყალს დაუდევრად ექცევა. ასევე პრობლემები არის ინფრასტრუქტურაში. წყლის შიდა სისტემები არის დაზიანებული და ახლაც ხდება წყლის დაკარგვა.

ეს არის თელავის მუნიციპალიტეტისთვის, განსაკუთრებით ქალაქ თელავისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, სადაც ხდება საკანალიზაციო წყლების გასუფთავება როგორც მექანიკურად, ასევე ბიოლოგიურად და გაცილებით სუფთა წყალი ჩაედინება მდინარე ალაზანში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, ჩვენი გარემოსთვის. საკმაოდ დიდ რისკს ვაცილებთ გარემოს დაბინძურებას. გარდა ამისა, ამ ადგილს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია საგანმანათლებლო თვალსაზრისით. სამომავლოდ ვგეგმავთ სტუდენტებისა და მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეების ორგანიზებულ ვიზიტებს, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ ერთი მხრივ, გაიგოს რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ქვეყანაში და მეორე მხრივ, დააფასოს ის ბუნებრივი რესურსები რაც გვაქვს,“ - ამბობს კახა სუხიტაშვილი. 







თელავის წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მართვის სამსახურის უფროსის, ირაკლი დიდმანიძის განცხადებით, მსგავსი ნაგებობების არსებობა დიდი ქალაქებისთვის აუცილებელია ეკოლოგიური თვალსაზრისით.

„ჩვენ ვიმყოფებით თელავის წყალმომარაგების გამწმენდ ნაგებობაზე, რომელიც ფუნქციონირებს 2020 წლიდან. თელავის საკანალიზაციო სისტემის ნარჩენები იწმინდება მექანიკურად და ბიოლოგიურად, რითაც ვიცავთ მდინარე ალაზანს დაბინძურებისგან“ - აღნიშნა ირაკლი დიდმანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

USAID-ის კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩევლის, დავით წიკლაურის თქმით, შეხვედრების მიზანი ახალი წყლის კანონის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა.

„საქართველოს პარლამენტთან და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად ტარდება ეს ფორუმი, რომლის მიზანიცაა მოხდეს წყლის კანონის მიერ შემოტანილი ახალი ინოვაციებისა და მოლოდინების წარდგენა და განხილვა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სხვადასხვა მოთამაშეებთან.

ფორუმები ტარდება ყველა რეგიონში. შეხვედრები უკვე გაიმართა ქვემო ქართლსა და აჭარაში, შემდეგ იქნება იმერეთში. მიზანი არის, რომ ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტს, იქ მოღვაწე წყლის სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რას შეცვლის ეს კანონი და როგორ უნდა მოვემზადოთ. საუბარია მათ გადამზადებაზე, კერძო კომპანიების ჩართვასა და მოსახლეობის ინფორმირებაზე.

მსგავსი ნაგებობების არსებობა აუცილებელია. ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ბევრი წყალი, მაგრამ გაფრთხილება უნდა. ბევრ კომპანიას, მითუმეტეს სოფლის მეურნეობაში, წყალი აღარ ჰყოფნის იგივე მორწყვისთვის, მათ შორის, თელავშიც. აუცილებელია, რომ რაც გვაქვს, იმას გავუფრთხილდეთ,“ - ამბობს დავით წიკლაური.





| Print |
FaceBook Twitter Google