გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება - ოლაფ შოლცი
გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება.

ფედერალური კანცლერის თქმით, გერმანია საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დაუჭერს.


„მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარების საფუძველი. გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება. ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ.

ვიცით, რომ რუსეთი აგრძელებს თავის იმპერიალისტურ გეგმებს. ეს ეხება არა მარტო რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, არამედ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო თვითონაც გახლდათ 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ნაწილები რუსული უკანონო ოკუპაციის ქვეშ არის და სწორედ ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამას ხაზი გავუსვათ. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით ამას.

გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს შიგნით. ასევე ჩვენ მხარს დავუჭერთ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიებს, სადაც გერმანიას ყველაზე მეტი პერსონალი ჰყავს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ იმ სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა,“- განაცხადა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა.

| Print |
FaceBook Twitter Google