ქვეყნის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებაა თუ მოსკოვში? - სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონზე
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღეს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ კანონზე BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის მიღების შემთხვევაში, იგი გამოიყენებს ვეტოს უფლებას მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა გააჩნია. მისი თქმით, ეს იქნება ხალხის ხმისა და ნების გამოხატულება, რომელიც მტკიცედ ეწინააღმდეგება მასიური, მშვიდობიანი პროტესტით აგენტების კანონს.

"მთავარ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს კანონი არის პუტინის კანონის ასლი. ეს არის კანონი არასამთავრობო სექტორის, მედიის, პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ, იქნება ეს ევროპული ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი თუ ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობაში, ეკონომიკის გაძლიერებაში ბოლო 30 წლის განმავლობაში. ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ გასულ წელს ეს კანონი უკან იქნა წაღებული მასობრივი პროტესტის ფონზე და წელს ამ კანონის უკან დაბრუნება პირდაპირი პროვოკაციაა საზოგადოების მიმართ," -ამბობს სალომე ზურაბიშვილი BBC-ისთან საუბარში.

პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები ისედაც გამჭვირვალეა და გაუმჭვირვალე მხოლოდ ელიტური კორუფციაა. იგი აქვე ამბობს იმასაც, რომ მთავარი კითხვა არის ის, თუ ვინ და სად გადაწყვიტა ამ კანონის უკან დაბრუნება.

"საერთაშორისო ორგანიზაციები ისედაც გამჭვირვალეა, რაც არ არის გამჭვირავლე, არის ელიტური კორუფცია სახელმწიფო უწყებებში და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ხელისუფლების მიერ, როგორც მაგალითად ეს გადაწყვეტილება იმ კანონის უკან დაბრუნების შესახებ, რომელზეც ყველა საერთაშირისო პარტნიორი გვეუბნება, რომ ჩვენი ევროპული მომავლის და ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ იმუშავებს. ვინ გადაწყვიტა ამ კანონის უკან დაბრუნება? ეს არის ქვეყნის შიგნით მიღებული გადაწყვეტილება თუ გადაწყვეტილება, რომელიც მოსკოვში იქნა მიღებული? ეს არის მთავარი კითხვა გამჭვირვალობის შესახებ, რომელსაც სვამენ ამ დღეებში საქართველოს ის მოქალაქეები, ისინი ვინც მასიურ მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობენ [რუსული კანონის წინააღმდეგ];" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google