„კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელიც არჩევნებში მიღებული ხმების
მიხედვით მეორე ადგილზეა, საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ამის
შესახებ კოალიციის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც კოალიციის სიის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ აღნიშნა, ეს
არჩევნები არის გაყალბებული, ხოლო შედეგები არის არალეგიტიმური.
კოალიციაში აცხადებენ, რომ ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო
მანდატებზე, პრივილეგიებსა და დაფინანსებაზე და სრულად ხსნიან პარტიულ
სიას.
“ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას,
ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა
მალაშხია, სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისთვის და
ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ამიტომ, მე დღეს უარს ვამბობ ჩემს
საპარლამენტო მანდატზე და წაგიკითხავთ ამ სიის ოცეულს. ნანა მალაშხია,
ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, თენგიზ თევზაძე,
ცოტნე კობერიძე, გიორგი კირთაძე, ივანე ჭყონია, ხათუნა სამნიძე, ოქტაი
კაზუმოვი, მაია კოპალეიშვილი, ბორის ყურუა, ანა გოგოლაძე, გიორგი
ბუტიკაშვილი, გიორგი იმედაშვილი, ელენე ხოშტარია, სოფო გოლეთიანი,
მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე, თორნიკე ბიკაშვილი,” – განაცხადა
მალაშხიამ.
მისივე თქმით, ისინი აუცილებლად იბრძოლებენ ხმების დასაცავად.
კოალიციის ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, ყველა დარჩენილი
ადამიანი გააკეთებს იდენტურ განცხადებას და ამ ოცეულის არშესვლის
შემთხვევაში არავინ ჩაანაცვლებს მათ.
მასალის გამოყენების პირობები