განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა
ალექსანდრე წულაძემ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების
ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2025 წლიდან
მოსწავლეების ეროვნული შეფასება დაიწყება.
მისივე განმარტებით, ზოგადი განათლების ყველა საფეხურის ბოლოს
მოსწავლეებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რომელსაც მხოლოდ
განმავითარებელი მიზნები ექნება და შედეგები მოსწავლის აკადემიურ
შეფასებაზე არ იმოქმედებს.
„2025 წლიდან ვგეგმავთ, დავნერგოთ სიახლე - ეროვნული
შეფასებების დაწყება. მომდევნო წლებში, ჯერ მე-6 კლასის, ანუ
დაწყებითი საფეხურის ბოლოს, ხოლო შემდეგ მე-10 და მე-12 კლასებში, ანუ
შემდგომი საფეხურების - საბაზო და სრული საშუალო განათლების
დასრულების შემდეგ, ყველა მოსწავლის ეროვნული შეფასება მოხდება, რასაც
თავდაპირველ ეტაპზე მხოლოდ განმავითარებელი მიზანი ექნება, ანუ
მოსწავლის აკადემიურ შედეგებზე აღნიშნული ქულები არ აისახება და
გულისხმობს გამოცდის ჩატარებას. ეს მოგვცემს უმნიშვნელოვანეს და
საჭირო ინფორმაციას მთელი სისტემის შესახებ საქართველოს მასშტაბით.
როგორც ინდივიდუალური სკოლის მასწავლებლის, ასევე, რეგიონის მასშტაბით
თითოეულ საგანთან დაკავშირებით უკუკავშირი იქნება, რა დონეზე
ისწავლება, რა გამოწვევებია თითოეულ სკოლაში ან კლასში.
რადგან ეს სისტემა დაინერგება მე-6, მე-10 და მე-12 კლასში,
ფაქტობრივად მთელი ციკლის, სისტემის დანახვის საშუალება გვექნება,
როგორ შეიცვალა და განვითარდა მოსწავლის მზაობა ყველა საფეხურის
დასრულების შემდეგ. აღნიშნული სიახლე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი
პროექტია და დარწმუნებული ვარ, ყველა, ერთობლივად წარმატებულად
გავართმევთ თავს“,- განაცხადა წულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები